კურორტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ბათუმში კონფერენცია „სპორტული მედიცინა სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის“ მიმდინარეობს
კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში „სპორტული მედიცინა სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის“ მიიღო მონაწილეობა. სააგენტო მეორე წელია, რაც ბათუმის კონფერენციის ოფიციალური მხარდამჭერია.
მისასალმებელ სიტყვაში, ალექსანდრე ონოფრიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს კურორტების განვითარების სააგენტოს სტრატეგიული ხედვა გააცნო, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი კურორტებზე მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ხელშეწყობა და შესაბამის ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობაა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთ ინიციატივებს, სადაც სპორტი, მედიცინა და კურორტოლოგია საერთო მიზნებისთვის ერთიანდება. მსგავსი კონფერენციები ამ დარგების წარმომადგენლების თანამშრომლობას უწყობს ხელს და ხაზს უსვამს საქართველოს საკურორტო პოტენციალის მნიშვნელობას სპორტული ტრავმების რეაბილიტაციის პროცესში“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ჩეხეთის, სლოვაკეთის, მალტას, გერმანიის, ლიეტუვის, ესტონეთსა და მოლდოვის დარგობრივი უწყებების, სამეცნიერო წრეების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.