კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის (EHTTA) საშემოდგომო გენერალურ ასამბლეაში, რომელიც იტალიის საკურორტო ქალაქ მონტეგროტო თერმეში გაიმართა.
საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტო ასამბლეაში წევრი ორგანიზაციის სტატუსით მონაწილეობდა. ალექსანდრე ონოფრიშვილი დაესწრო ოფიციალურ სხდომას, სადაც დამტკიცდა ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის 2026 წლის საქმიანობის გეგმა. აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო ფორუმსა და სამუშაო შეხვედრებში, სადაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განიხილა საქართველოს საკურორტო სექტორის განვითარების შესაძლებლობები და ევროპულ სტანდარტებთან ინტეგრაციის გზები.
„ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციაში კურორტების განვითარების სააგენტოს წევრობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ეს პლატფორმა მნიშნელოვანია ქვეყნის საკურორტო პოტენციალის უფრო ეფექტიანად რეალიზებისთვის, ამასთანავე, საშუალებას გვაძლევს საკურორტო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით მოწინავე ქვეყნების გამოცდილებასა და დარგობრივ ინოვაციებს გავეცნოთ“ - აღნიშნა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
EHTTA-ს საშემოდგომო ასამბლეის ფარგლებში, ორგანიზაციის მომავალი სტრატეგიული მიმართულებების, კურორტების წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ სამუშაო სესიები და თემატური სემინარები გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ასოციაციას ორი ახალი წევრი: ბულგარეთის თერმული კურორტი ჰისარია და თურქეთის ქალაქი ბურსა შეუერთდა, რითიც ორგანიზაციის წევრთა ქსელი გაფართოვდა.