საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლელა ფოცხვერაშვილმა და სააგენტოს ექსპერტმა ხათუნა საგანელიძემ ქალთა და ახალგაზრდა მეწარმეთა საერთაშორისო სამიტში (International Women & Young Entrepreneurs Summit – IWYE’25) მიიღეს მონაწილეობა, სადაც ეკონომიკურ ცხოვრებასა და რეგიონული განვითარების პროცესებში ქალებისა და ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლზე იმსჯელეს.
ქალთა გაძლიერებისა და კურორტების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლელა ფოცხვერაშვილი და ექსპერტი ხათუნა საგანელიძე სამიტის ორგანიზატორების მიერ სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.
„სამიტმა შესაძლებლობა მოგვცა გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება და ერთობლივად გვემუშავა იმ მიმართულებებზე, რაც თერმულ და საკურორტო სექტორში ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობას აძლიერებს“, – აღნიშნა სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლელა ფოცხვერაშვილმა.
მისივე თქმით, IWYE’25-სამიტში მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს კურორტების განვითარების სააგენტოს მზაობას, აქტიურად ჩაერთოს ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების საერთაშორისო პროცესებში და ქვეყნის საკურორტო სექტორის განვითარების პოტენციალი გლობალურ დონეზე წარმოაჩინოს.
ღონისძიების ფარგლებში, რომელიც თურქეთის საკურორტო თერმულ ქალაქ აფიონკარაჰისარში გაიმართა, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციებთან და თერმული კურორტების წარმომადგენლებთან, სადაც სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.