კურორტების განვითარების სააგენტოს მოწვევით, ფრანგული კომპანია „გრანდ მასივის“ დელეგაცია საქართველოს საკურორტო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
კომპანია „გრანდ მასივი“ ( Grand Massif Domaines Skiables -GMDS) საფრანგეთში კურორტების მართვის ხუთეულში შედის. სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, ფრანგული კომპანია ქართველ კოლეგებს კურორტების განვითარების მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებს, მონაწილეობას მიიღებს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზებასა და ერთობლივი პროექტების მომზადებაში.
როგორც სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა განაცხადა, საქართველოს საკურორტო ინფრასტრუქტურის შესასწავლად და შესაფასებლად ისეთი რესპექტაბელური კომპანიის ჩამოსვლა, როგორიცაა ფრანგული „გრანდ მასივი“, ხელს შეუწყობს საქართველოს კურორტებზე ევროპული სტანდარტების დანერგვასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
„საქართველოში ბევრი საერთაშორისო მასშტაბის საკურორტო ზონაა, რომელთაც განვითარება და საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისი მენეჯმენტი სჭირდება. ფრანგული კომპანია „გრანდ მასივის“ მაღალი რანგის სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფის, რომელსაც თავის სამშობლოში დიდი აღიარება აქვს, საქართველოში ვიზიტმა შესაძლებელი მოგვცა ფრანგ კოლეგებთან დაგვეორგანიზებინა ქართული კურორტების მმართველი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრები. ცოდნისა და თანამედროვე სტანდარტების გაზიარებასთან ერთად, ამ ვიზიტმა ახალი ინიციატივების დაწყებას ჩაუყარა საფუძველი,“ - აღნიშნა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში, „გრანდ მასივის“ ჯგუფის წევრებმა შეხვედრები გაიმართეს თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში, დაშბაშის კანიონის მმართველ კომპანიაში, მთის ტრასების სააგენტოს, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან და სხვა კურორტების მმართველ კომპანიების წარმომადგენლებთან. ქვეყნის საკურორტო პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით, GMDS - ის ექსპერტებმა მაღალმთიანი აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი, შუამთის ტბები, სოფელი ჯინალი და სოფელი ჩირუხი მოინახულეს