
ვიზიტის მიზანს ტურიზმისა და კურორტების სფეროებში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობების განხილვა, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.
კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და დირექტორის მოადგილემ ლელა ფოცხვერაშვილმა იაპონიის დელეგაციას საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების პოტენციალი და საკურორტო ინფრასტრუქტურის მართვის პრაქტიკა გააცნეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მაია ომიაძესათან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ტურიზმის ზრდის სამომავლო ხედვები, ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია იმერეთის რეგიონს ეწვია და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ტურიზმისა და კურორტების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზე იმსჯელა.
დელეგაციამ ასევე მოინახულა წყალტუბოს მე-6 აბაზანა, მიმდებარე სანატორიუმები და ტურისტული ღირსშესანიშნაობები.
იაპონიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ იაპონიის პარლამენტის წევრი კარენ მაკიშიმა, ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებში პარლამენტის ვიცე-მინისტრი ჰიდეტო კავასაკი, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის გენერალური დირექტორი კოზო იბატა და სხვა ოფიციალური პირები.
იაპონიის საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში ვიზიტს წინ უძღოდა მიმდინარე წლის ნოემბერში კურორტების განვითარების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დელეგაციის ქალაქ ტოკიოში გამართულ ეკონომიკური გაცვლის ფორუმში მონაწილეობა, რამაც საკურორტო, სპა ტურიზმისა და ინოვაციური განვითარების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ჩაუყარა საფუძველი.