
კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მესამე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება“ გაიმართა. ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს კურორტოლოგიის დარგის პოპულარიზაციას და საკურორტო სექტორის მიმდინარე გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივების კვლევაში ახალი თაობის ჩართვას.
კონფერენციის ფარგლებში აუდიტორიის წინაშე სტუდენტებმა სამეცნიერო თეზისები და კვლევები წარმოადგინეს კურორტების მოდერნიზების, ბალნეოლოგიური, კლიმატური, ველნეს და სპა მიმართულებების, მდგრადი განვითარების, ტექნოლოგიების გამოყენებიასა და ინოვაციური მიდგომების საკითხებზე.
კონფერენციაზე საუკეთესო თეზისების ავტორი სტუდენტები გამოვლინდნენ, რომელთაც სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და ღონისძიების მხარდამჭერი კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტმა მარინე ხაჭიპერაძემ დაიკავა ნაშრომისთვის: „ეკოტურიზმის განვითარების შესაძლებლობები კურორტ მანგლისში: გასვლითი ტურის კვლევისა და დაკვირვების შედეგები“. მეორე ადგილი ლიკა ცერცვაძეს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თეზისისთვის: „არხილოსკალო, როგორც მზის კურორტი: პოტენციალის გეოგრაფიული შეფასება“. მესამე ადგილი კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, თორნიკე ესართიამ მოიპოვა კვლევისთვის: „წყალტუბოს ბალნეოლოგიური პოტენციალის გამოყენება მდგრადი ტურიზმის პრინციპების გათვალისწინებით“.
კონფერენცია უკვე მესამე წელია უზრუნველყოფს მნიშვნელოვან აკადემიურ და პროფესიულ პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, სადაც სტუდენტები კურორტების მოდერნიზაციის, მდგრადი განვითარებისა და ინოვაციური მიდგომების შესახებ სამეცნიერო თეზისებს გვიზიარებენ. ღონისძიება ხელს უწყობს ახალ თაობაში კურორტოლოგიის დარგის პოპულარიზაციას, სტუდენტების დაინტერესებას, ჩართულობასა და მოტივაციის ამაღლებას, ასევე, ახალი იდეების გენერირებას, რაც ქვეყნის საკურორტო სექტორის მომავალი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“ -აღნიშნა კურორტების განვოთარების საგაგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.