კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და სააგენტოს ექსპერტმა ხათუნა საგანელიძემ თერმული ტურიზმის საერთაშორისო კონგრესსა და თერმული ქალაქების მერების სამიტში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებას, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა, კურორტების განვითარების სააგენტოს დელეგაცია ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის (EHTTA) მიწვევით, წევრი ორგანიზაციის სტატუსით ესწრებოდა.
კონგრესის სამუშაო სესიებში სააგენტოს დელეგაციამ უცხოელ კოლეგებთან ერთად ისტორიული თერმული კურორტების წინაშე მდგარ საკანონმდებლო და ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზე, მემკვიდრეობის დაცვისა და ველნეს ტურიზმის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელა.
„საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობა მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. გამოცდილების გაზიარებისა და საერთო ხედვების ჩამოყალიბებისთვის. მსგავს ღონისძიებებში ჩართულობა სააგენტოს შესაძლებლობას აძლევს როგორც საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დარგის გლობალური ტენდენციები და ინოვაციები განიხილოს, ისე კურორტების მმართველებთან პარტნიორული ურთიერთობები გააღრმავოს“ - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
კონგრესის ფარგლებში, საკურორტო ქალაქების მერების სამიტი გაიმართა, სადაც, კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ევროპის თერმული ქალაქების ხელმძღვანელ პირებთან თერმული მიმართულებების მდგრადი განვითარებისა და საერთაშორისო პარტნიორობის საკითხები განიხილა. სააგენტომ საქმიანი შეხვედრები გამართა იტალიის, უნგრეთის, რუმინეთის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების და სხვა ქვეყნების კურორტების მენეჯერებთან.