კურორტების განვითარების სააგენტოს პროექტების მენეჯერმა და JICA-ს კურსდამთავრებულმა გიორგი ჯაღმაიძემ იაპონიის ქალაქ ოსაკაში, იაპონიის კურსდამთავრებულთა ასოციაციების (JAA) კონფერენციასა და საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
კურორტების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა სათაურით: „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება და ინოვაციური მიდგომები“. მოხსენებაში საქართველოს საკურორტო პოტენციალი და უპირატესობები გლობალურ ტურისტულ ბაზარზე, ასევე, საქართველო-იაპონიას შორის კურორტების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები იყო განხილული.
იაპონიის კურსდამთავრებულთა ასოციაციების (JAA – Japan Alumni Associations ) საერთაშორისო კონფერენცია და ფორუმი Osaka Expo 2025-ის ფარგლებში გაიმართა და მას JICA-ს სასწავლო პროგრამების წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება კურსდამთავრებულთა შორის გამოცდილების გაზიარებას, პარტნიორობების გაღრმავებასა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.