საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტომ ფილიპინებზე, წყლისა და ურბანული განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლელა ფოცხვერაშვილმა, წყლისა და ურბანული განვითარების ფორუმში (AWUF 2025) მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაიმართა.
ფორუმი წყლისა და ურბანული განვითარების სფეროში არსებული გამოწვევებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების განხილვას, ქვეყნებს შორის ცოდნის გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.
საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის მოადგილე ADB-ის რეგიონულ დირექტორებს შეხვდა, სადაც საქართველოს კურორტების განვითარების მიზნით აზიის განვითარების ბანკთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო პროექტები განიხილეს. ასევე, გაიმართა შეხვედრები წყლის რესურსების გამოყენების, ურბანული განვითარების, ლანდშაფტის დიზაინის, ციფრული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან.
წყლისა და ურბანული განვითარების ფორუმმა, 73 ქვეყნიდან 600-ზე მეტ დელეგატს მოუყარა თავი, მათ შორის, ინდუსტრიის ლიდერებს, ADB-ის პარტნიორი ქვეყნების საკონსულტაციო კომპანიების, დიპლომატიური მისიების, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
ფორუმის ფარგლებში, დისკუსიები გაიმართა ურბანული განვითარების, წყლის რესურსების მართვის, მდგრადი ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე აზიის განვითარების ბანკის მმართველ გუნდთან, სხვადასხვა სექტორის ლიდერებთან და განვითარების საერთაშორისო პარტნიორებთან.