ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის (EHTTA) მხარდაჭერით, საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტო „მწვანე სპა პროექტის“ (GreenSpas) მონაწილე და პარტნიორი ქვეყანა გახდა.
GreenSpas პროექტი კლიმატის ცვლილების გამოწვევის წინაშე მყოფი ევროპის თერმული სპა ქალაქებისა და რეგიონების საჯარო პოლიტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. საქართველოსთან ერთად, პროექტში ავსტრიის, პოლონეთის, პორტუგალიის, ლიეტუვის, იტალიის და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების სახელმწიფო ორგანიზაციები და ასოციაციები მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ კურორტების განვითარების სააგენტო 2024 წლიდანაა ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) წევრი.
კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორის ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, GreenSPAs - ში სააგენტოს მონაწილეობა საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების მდგრად განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას უწყობს ხელს. „ეს საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, უკეთ გაეცნოს ევროპული ქვეყნების სპა ინდუსტრიების გამოცდილებას მდგრადი განვითარების მიმართულებით. მათ შორის, როგორია მათი ხედვა როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის, ასევე მზარდ გლობალურ მოთხოვნების ადაპტირების კუთხით. პროექტის ფარგლებში სააგენტო შეძლებს, უფრო ნაყოფიერად ითანამშრომლოს ევროპის წამყვან ორგანიზაციებთან საქართველოს სპა კურორტების მეტად განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის, როგორც განვითარებული სპა - მომსახურების მქონე ქვეყნის ცნობადობას გაზრდის კუთხით,“ - აღნიშნა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
პროექტის ფარგლებში, კურორტების განვითარების სააგენტოს დელეგაცია, EHTTA-ს დაფინანსებით, ავსტრიის სპა ქალაქ ბადენ ბეი ვიენში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც სპა ინდუსტრიის თანამედროვე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს, ტრადიციული ბალნეოლოგიური კურორტის მდგრად ტურიზმთან თანხვედრას და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე პრეზენტაციებს დაესწრო. ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრები კურორტ ბადენ ბეი ვიენის მერთან, კარმენ ჯეიტლერ ჩინჩელთან, კურორტოლოგიის დარგის წამყვან ექსპერტებთან, ასევე, ავსტრიის სპა-ცენტრებისა და ჯანმრთელობის კურორტების ასოციაციის პრეზიდენტთან სტეფან ზირუჩეკთან, ბადენის ტურიზმის მენეჯმენტის დირექტორთან კლაუნს ლორენცთან და სხვ.