კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით სტუდენტთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“ გაიმართა.
საქართველოს საკურორტო ინდუსტრიის მომავალი განვითარების შესახებ მოხსენებებით აუდიტორიის წინაშე ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო თეზისის ავტორი 18 სტუდენტი წარსდგა. 3 საუკეთესო მომხსენებელს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და ღონისძიების მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლებმა.
„სტუდენტური კონფერენციის ორგანიზებით, კურორტების განვითარების სააგენტომ შექმნა ყოველწლიური პლატფორმა ახალგაზრდებისთვის, რომლის ფარგლებშიც მათ შეუძლიათ სექტორის წინაშე არსებულ გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვების გაზიარება. საქართველოს კურორტების განვითარების მომავლით სტუდენტების დაინტერესება, დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობა, და ზოგადად, მათი ენთუზიაზმი და ჩართულობა გვიმყარებს იმ მოლოდინს, რომ საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი წარმატებული იქნება“. - განაცხადა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა კონფერენციაზე გახსნითი სიტყვით გამოსვლისას.
ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა და მას პროფესორ-მასწავლებლები, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებიდან 100-ზე მეტი სტუდენტი და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
კონფერენციის ფორმატში განხილული იქნა სტუდენტური თეზისები საქართველოს კურორტების მოდერნიზების, ბალნეოლოგიური, კლიმატური, ველნეს და სპა კურორტების, მდგრადი განვითარების, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების, ინოვაციური მიდგომების დანერგვის და სხვ მიმართულებით.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, სასტუმროების ქსელი „მარკო პოლო“ და ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ზუმერი“.