კურორტების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
„კურორტების განვითარების სააგენტოს მოძიებული აქვს არაერთი უნიკალური, 100-150 წლის წინანდელი წიგნი, რომელთა გაციფრულება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენს ქვეყანაში კურორტოლოგის დარგის განვითარებისთვის. მემორანდუმის ფარგლებში, ვიმედოვნებთ, ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ კურორტოლოგიის წიგნადი ფონდის განახლების და გაციფრულების საკითხებში, რომელიც ფასდაუდებელი რესურსია ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თქმით, აღნიშნული მემორანდუმი არის ძალიან საჭირო და საინტერესო; უწყებებს შორის ურთიერთობა გულისხმობს წიგნადი ფონდით დახმარებას და სხვა ასპექტებში თანამშრომლობას.
“ჩვენ ვეცდებით კურორტების განვითარების სააგენტოს მივაწოდოთ საქართველოს შესახებ წიგნები ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე, რაც ქართული კურორტებით მსოფლიოს ინტერესს გაზრდის“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ ინფორმაციის გაცვლის საკითხებში და შემეცნებითი სახის ერთობლივ ღონისძიებებს გაატარებენ.