„საქართველოში საკურორტო ინდუსტრიის მდგრადი განვითარებისა და მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებაზე კურორტების განვითარების სააგენტო ინტენსიურად მუშაობს“ -განაცხადა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე საქარეთველოს კურორტების შესახებ, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობასთან იქნება ჰარმონიზებული; ასევე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, მზადდება კურორტების განვითარების 2025-2030 წლის სტრატეგია, რომელიც საქართველოს კურორტების განვითარების გზამკვლევი დოკუმენტის როლს შეასრულებს.
„დღევანდელი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია სააგენტოსთვის იმ თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, რომ აქ მომხსენებლები კურორტების მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ კონფერენციას მხარს უჭერენ სამეცნიერო წრეები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც მშვიდობისა და მდგრადი განვითარების საერთო მიზნები გვაერთიანებს“.-განაცხადა ალექსანდრე ონოფრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
კურორტების განვითარების სააგენტოსთან ერთად, კონფერენციის მხარდამჭერები არიან: გაერთიანებული ერების ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism), მთის პარტნიორობა (MOUNTAIN PARTNERSHIP, FAO), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო- საქართველოს ოფისი (JICA, იაპონია), გრასრუტ ინსტიტუტი - THE GRASSROOT INSTITUTE (კანადა), ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, მილანის უნივერსიტეტი (იტალია), სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers , გარემოს დაცვის ეკოცენტრი (გაეროს ECOSOC საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია), კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაცია, კონსალტინგისა და ახალი პროფესიების ეროვნული ცენტრი.
კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა SEU და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.
სტუდენტებთან და ქართული უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან ერთად, კონფერენციას წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების მეცნიერებიც ესწრებიან.