კურორტების განვითარების სააგენტომ მუშაობა დაიწყო საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების 2025-2030 წლის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც იქნება კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების გზამკვლევი დოკუმენტი. სტრატეგია აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სტრატეგიის შემუშავების ფარგლებში არსებული მდგომარეობის, საჭიროებებისა და გამოწვევების შესწავლის მიზნით, მიმდინარე წლის 15-19 ივლისს, საქართველოში იმყოფებოდა პროექტის ხელმძღვანელი დოქტორი კენიჩი ჰაშმოტო, რომელსაც კურორტების განვითარების, სივრცითი მოწყობისა და პროექტირების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ვიზიტის ფარგლებში, პროექტის ხელმძღვანელმა ადგილზე შეისწავლა ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტები და შეხვდა იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, რომელთა ფუნქციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს კურორტების შესაძლებლობების განვითარებაში. ამასთან, მოეწყო შეხვედრა საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტების წარმომადგენლებთან და შესაბამის დარგობრივ ასოციაციებთან და ექსპერტებთან.