ღომას მთა აჭარაში, შუახევისა და ქედას მუნიციპალიტეტებში მდებარეობს, აჭარაშავშეთის ქედის ერთ განშტოებაზე. საჯარო რეესტრის მიხედვით, ღომას დასახლება (იაილა ღომა) შუახევის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ხვდება, ხოლო ღომას მთის ნაწილი, ისევე როგორც წინაველას მთა ქედას მუნიციპალიტეტის საზღვრებშია.
ღომას ტერიტორია ზღვის დონიდან 1,900 მეტრიდან იწყება და 2,400 მეტრამდე აღწევს. საკვლევ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელია თბილისიდან ახალციხე-ადიგენი-გოდერძის უღელტეხილის გავლით 6 საათსა და 45 წუთში (322 კმ). დაახლოებით იმავე დროშია შესაძლებელი ბათუმის გავლითაც წვდომა, თუმცა სამანქანო დისტანცია ამ შემთხვევაში 429 კმ-ს შეადგენს. ქალაქ ბათუმიდან წვდომა ღომას მთაზე 2 საათზე ნაკლებშია შესაძლებელი.
პერევისა გამორჩეული სოფელია ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდიდარია მღვიმეებითა და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების განსაკუთრებული პოტენციალიც აქვს. ასევე, 1953 წელს სოფელ პერევისაში აშენებულია სამგზავრო სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთი პირველი ნიმუში - ბაგირგზა „პერევისა-ქალაქი“, რომელსაც 2016 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საკვლევი არეალი მდებარეობს მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს, ჭიათურის პლატოზე, ჭიათურიდან 7 კილომეტრში. სოფელს ჩრდილოეთით ესაზღვრება ქალაქი ჭიათურა, რომლისგანაც მდინარე ყვირილა გამოყოფს. სამხრეთით ესაზღვრება სოფლები: ცხრუკვეთი, სვერი და გუნდაეთი, ხოლო დასავლეთით სკინდორი და წინსოფელი, აღმოსავლეთით შუქრუთი, კალაური და მერევი. პერევისის საერთო ფართობი შეადგენს 700 ჰექტარს. სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია მდინარე წილტოს ხეობა, ხოლო ყველაზე მაღალი პერევისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია ტერიტორია 980 მეტრი ზღვის დონიდან.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ლელოვნისა და გორგულის თემების მიმდებარე ტერიტორიებზე, სოფელ იჯარეთის სამხრეთით, ტყის მასივის ტერიტორიაზე მდინარე ქვაბლიანის მარცხენა შენაკადის მდინარე თრიალისწყლის აუზში მდებარეობს თრიალას წყალსაცავები, რომლებიც საირიგაციო მიზნებისთვის ხელოვნურად შექმნილ 3 წყალსაცავს აერთიანებს (ასევე მოიხსენიება, როგორც ტბები).
პირველი წყალსაცავი (აღმოსავლეთი თრიალა) მდებარეობს ზღვის დონიდან 1620 მეტრზე. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაჭიმულია 530 მეტრზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ვრცელდება, მაქსიმუმ 330 მეტრზე, წყალსაცავის ფართობი შეადგენს 0,12 კმ2. წყალსაცავში ჩაედინება, წყალსაცავის სამხრეთით მდებარე, სამხრეთ თრიალადან გამომავალი ნაკადი, აგრეთვე წყალსაცავში ჩაედინება დასავლეთ თრიალადან გამომავალი ნაკადი, წყალსაცავში აგრეთვე ჩაედინება დასავლეთ და სამხრეთ თრაილას წყალსაცავებს შორის გამავალი ნაკადი, რომლის მთლიანი სიგრძე, შეადგენს 880 მეტრს. აღმოსავლეთ თრიალას წყალსაცავიდან გაედინება 3 სარწყავი სისტემა. მდინარე თრალასწყლის პირველი სარწყავი არხი - ჩრდილო-დასავლეთით მიმავალი ნაკადი, რომლის საკადასტრო კოდი არის: 61.00.274 და 61.00.275 მიემართება ადიგენის მუნიციპალიტეტის გორგულის თემის სოფლების: იჯარეთის და იმერთუბანის მიმართულებით. მეორე სარწყავი არხი - ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმავალი ნაკადი, რომლის საკადასტრო კოდი არის: 61.00.273 მიემართება ადიგენის მუნიციპალიტეტის ლელოვანის თემის სოფელ ლელოვანის მიმართულებით. მესამე სარწყავი არხი - წყალსაცავიდან გამოდინების დროს ნაკადი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთისკენ, არხის საკადასტრო კოდი არის: 61.00.276. გაედინება ადიგენის მუნიციპალიტეტის ლელოვანის თემის სოფლების: ამხერის, სამყურისა და ღორძეს მიმართულებით, აგრეთვე აღწევს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს ტერიტორიამდეც.
თრიალას წყალსაცავების ადგილას 1960-იან წლებამდე იყო დაჭაობებული ქვაბულები, რომლებიც წყალდიდობის დროს ივსებოდა წყლით, ხოლო ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში წყალმცირობების დროს ჭაობის მცენარეული საფარით იწყებდა შევსებას. 1960-იან წლებში, სამხედრო ტექნიკის გამოყენებით, ჯარისკაცებმა მოახდინეს წყალსაცავის ქვაბულის ფსკერიდან ნაშალი მასალის და ლამის ამოღება. შემდეგ მოხდა წყალსაცავის დამბების მიწის დიდი მასით გამაგრება. ამოღებული ჭაობის ქვაბულის მიწის მასაც წყალსაცავის ნაპირებზე, იმ ადგილებში განალაგეს, სადაც დღეისათვის ნაკადები გაედინებიან.
მთავარი (პირველი, აღმოსავლეთი) წყალსაცავის სამხრეთით, ზღვის დონიდან 1730 მეტრზე მდებარეობს მეორე წყალსაცავი: სამხრეთი თრიალა, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაჭიმულია 530 მეტრზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ვრცელდება, მაქსიმუმ 330 მეტრზე, წყალსაცავის ფართობი შეადგენს 0,04 კმ2. წყალსაცავში ჩაედინება ორი მიწისქვეშა წყლის ნაკადი, წყალსაცავიდან გამოდის ნაკადი, რომელიც უერთდება აგრეთვე მახლობლად გამავალ ნაკადს, შემდეგ მიემართება ჩრდილოეთით და 800 მეტრის შემდეგ უერთდება პირველ წყალსაცავს (აღმოსავლეთ თრიალას). ტბაში ბინადრობს სხვადასხვა სახეობის თევზი.
თრიალას ტბების ტექნიკურ ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევისა და სიცოცხლისუნარიანობის შეფასება
თრიალას მთავარი წყალსაცავის დასავლეთით, ზღვის დონიდან 1788 მეტრზე მდებარეობს მესამე წყალსაცავი: დასავლეთი თრიალა. რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაჭიმულია 320 მეტრზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ვრცელდება, მაქსიმუმ 220 მეტრზე, წყალსაცავის ფართობი შეადგენს 0,06 კმ2. წყალსაცავში ჩაედინება ერთი მდინარე, ხოლო წყალსაცავიდან გამოედინება ნაკადი, რომელიც შემდეგ მიედინება აღმოსავლეთის მიმართულებით და 1030 მეტრის შემდეგ უერთდება პირველ წყალსაცავს (აღმოსავლეთ თრიალას). დასავლეთ თრიალას სამხრეთ-დასავლეთით, 800 მეტრის მოშორებით მდებარეობს მაგმური ქანებით შემოსაზღვრული ქვაბულის მქონე ბუნებრივი წარმოშობის, შავი ტბა (ყარაგიოლი). ქვაბული მდებარეობს ზღვის დონიდან 1896 მეტრზე. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაჭიმულია 42 მეტრზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ვრცელდება, მაქსიმუმ 69 მეტრზე, ტბის ფართობი შეადგენს 2100 მ2. ტბა ძირითადად საზრდოობს გრუტის წყლებით, აგრეთვე თოვლის ნადნობი და წვიმის წყლებით. ტბის ქვაბულიდან წყლის მიწისქვეშა ვოკლუზური ნაკადით გამოდინება ფიქსირდება. ტბის მიდამოები ტყის მასივს უჭირავს, სატყეო ფონდის საკადასტრო კოდია: 200.59.59264.
მთელი ტერიტორია მთიან ზონაშია და გამოირჩევა რთული ლანდშაფტითა და კლიმატით. ზღვის დონიდან სიმაღლე 3,562 მეტრამდეა, ხოლო რეგიონის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ყველაზე დაბალი წერტილი, ზღვის დონიდან 900 მეტრზე. უახლოესი ქალაქი, ამბროლაური, განვითარების ზონიდან დაახლოებით 26-27 კილომეტრითაა დაშორებული. საკვლევ არეალზე დაგეგმილია სამერცხლეს სათხილამურო ზონის განვითარება. საკვლევ ტერიტორიაზე არ არის დასახლებები. მოწოდებული საკვლევი არეალის ფუნქციური რუკა რეგიონალური განვითარების გეგმის შესაბამისად ასახავს წინასწარ დამტკიცებულ ფუნქციურ ზონებს, რომლებიც შეიქმნა აღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელებამდე.
ჩერეპანოვსკოეს (ნადარბაზევის, მთვარის ტბა) მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ირაგის თემის ფარგლებში, სოფელ ჯიგრაშენის ჩრდილოეთით, სოფლის კუთვნილი სავარგულების მახლობლად, ზღვის დონიდან 1420 მეტრზე. თითქმის სრულად დაჭაობებული ტბა საკმაოდ მოშორებულია დასახლებული პუნქტებიდან.
ტბის ქვაბულის ფართობი არის 1,83 კმ2, მაქსიმალური სიგრძე 608 მეტრი, ხოლო მაქსიმალური სიგანე 308 მეტრი. დღეისათვის, ჩერეპანოვსკოეს (ნადარბაზევის) ტბის წყალი ძირითადად გამოიყენება სამეურნეო მიზნებისათვის (შინაური ცხოველების წყლის დასალევად). ამასთანავე, ტბასთან მდებარეობს ცხვრის გადასარეკი ცენტრალური გზაც.
ტბის სიახლოვეს მდებარეობს მდინარე „ასლანკა“, რომლის ძველი სახელია „ტორნე“. XIX საუკუნეში ხეობაში ჩასახლებულმა ეთნიკურად რუსებმა მდინარეს „ასლანკა“ უწოდეს. ვახუშტი ბაგრატიონი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“-ში წერს: „...ერთვის ქციას ჴევი ტორნე, ირაგის ჴეობის მდინარე. გამოსდის ბენდერის მთას, მოდის სამჴრით. არამედ ჴეობა ესე არს ვენახოვანი, ხილიანი, ტყიანი, ნადირ-ფრინვლიანი, მოსავლიანი, გარნა ბენდერის მთის კერძოდ, ვითარცა სხუა მთის ალაგნი.
ჩერეპანოვსკოეს (ნადარბაზევის) ტბის ჩრდილოეთით, თეთრიწყარო-ივანოვკის გზაზე მდებარეობს IX-X საუკუნეებით დათარიღებული ნადარბაზევის სასახლე, ვახუშტი ბატონიშვილი მას თამარ მეფის ნასასახლევს უწოდებს. ნადარბაზევის სასახლის კომპლექსი განლაგებულია შემაღლებულ ადგილზე, გარს ერტყა გალავანი. შემორჩენილია სასახლისა და საცხოვრებელი სახლის ნანგრევები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნადარბაზევში აღმოჩენილია წყალსადენი, რომლის სათავე სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 6 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მილსადენი სასახლის გალავანს ჩრდილოეთიდან ადგება, გაედინება მის ქვეშ, მიემართება ზედა მხარისაკენ, უვლის სასახლეს სამხრეთის მხრიდან და ახლოს მდებარე აგურის შენობასთან იკარგება. იგი შედგენილია ცალკეული კერამიკული მილებისაგან. წყალსადენი აგებულია მძლავრი ჭავლის პრინციპზე, რაც მილსადენის კვეთის თანდათანობით შემცირებითაა მიღწეული. წყლის წნევის დასაძლევად მილების კვეთის სისქე თანდათან იზრდება. მილსადენის მოსაწყობად ნიადაგსა და კლდეში ქვის ფილებით შემოღობილი არხია გაჭრილი, რომელიც დუღაბის სქელი ფენითაა ამოლესილი. მილებს ზემოდან ქვიშის ფენა ფარავდა, რომელიც მომწვანო ფერის ფილაქნითაა გადახურული. წყალსადენი აგებული უნდა იყოს XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. ჩერეპანოვსკოეს (ნადარბაზევის) ტბის წყლის რეგულირების საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია წყალსადენის აღდგენა.