კურორტ მენჯის მიმდებარე ტერიტორია კოლხეთის დაბლობსა და მთისწინეთს მოიცავს. მთისწინეთის გორაკ-ბორცვიანი ტერიტორია დაფარულია ტყეებით. სენაკის მუნიციპალიტეტი იშლება რიონისპირეთიდან და უნაგირას მთის ორივე კალთაზეა გადაჭიმული. რელიეფის თავისებურების მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მაღლობებს და სერებს. ეკის მთის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 270 მ-მდეა. ჩრდილოეთით და დასავლეთით ეკის მთა დანაწევრებულია მდ. ცივისა და მისი შენაკადების მიერ სერებად და გორაკ-ბორცვებად. კურორტის მიმდებარე ტერიტორია მოიცავს კოლხეთის დაბლობის მნიშვნელოვან უბანს, რომელიც დასერილია მდ. ცივისა და მდ. ტეხურის შენაკადებით. დაბლობის მაქსიმალური სიმაღლე 30 მ-ს აღემატება. იგი ჩრდილოეთისკენ მაღლდება და წყდება ეკის, შხეფის და ნოქალაქევის გორაკების სამხრეთ კიდესთან. რელიეფის მრავალფეროვნება და ჰაერის ტენიანობა ხელს უწყობს მდინარეთა ქსელის სიხშირეს.
კურორტის მახლობლად გაედინება რიონის მარჯვენა შენაკადი მდინარე ცივი, ცივა, რომელსაც სათავე აქვს ოდიშის მთისწინეთში ზღვის დონიდან 363 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე 60 კმ, აუზის ფართობი 199 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მთელი წლის განმავლობაში იცის წყალმოვარდნები, უფრო ხშირი და მძლავრი ზაფხულში და შემოდგომაზე. იყენებენ წისქვილების ასამუშავებლად. მდინარის საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 6,17 მ³/წმ. აგრეთვე უხვი ატმოსფერული ნალექები განაპირობებს მდინარეული ქსელის სიხშირეს. საშუალო წლიური ჩამონადენი 20-30 ლ/წმ 1 კმ2-დან.
ახალსოფლის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში წარმოდგენილია ცნობილი ბავშვთა გამაჯანსაღებელი კურორტი საწირე. მის ტერიტორიაზე ერთმანეთს ერწყმის ზღვისა და მთის ჰავა, რაც უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის არაერთი დაავადების, მათ შორის, ბრონქიტის, თანდაყოლილი გულის მანკისა და ბრონქიალური ასთმის სამკურნალოდ.
ახალსოფლის ქვაბული ჩრდილოეთიდან შემოფარგლულია ნაქერალას ქედით, აღმოსავლეთიდან ქვიშაკლდე-კიდისთავის მთების ქარაფოვანი რკალით, რომელიც ნაქერალას ქედის უკიდურეს სამხრეთ შტოს წარმოადგენს. ქვაბულის ძირი დაფარულია ტყიბულის წყალსაცავით, რომელიც 1956 წელს, ტყიბულჰესის წყლით მომარაგების მიზნით აიგო. წყალსატევი მდინარე ტყიბულას 2 კმ-ის სიგრძის ქვანაყარი კაშხლის (დამბის) გადაკეტვით დაგუბდა. კაშხლის მოწყობამდე მდინარე ტყიბულა და მისი შენაკადი მდ. სკიპისწყალი ჩაედინებოდა სოფელ ახალსოფელის ქვაბულის სამხრეთით, ე.წ. „სასულეში“, საიდანაც კარსტული მღვიმით გადიოდა ე.წ. ,,შავწყალას გვირაბში’’, მდინარე ძევრულას ხეობაში. წყალსაცავის ზედაპირის ფართობია 12,1 კმ2, სიგრძე 8,1 კმ, უდიდესი სიგანე 3,2 კმ, მაქსიმალური სიღრმე 17,5 მ, წყლის მოცულობა 84 მლნ. მ³. საზრდოობს მდინარე ტყიბულსა და სხვა შენაკადების წყლით, აგრეთვე ატმოსფერული ნალექებით (1,750 მმ წელიწადში). წყალსაცავს აქვს პატარა უბეები, მის შუა და დასავლეთ ნაწილში კუნძულებია.
წყალსატევის მშენებლობისას მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი არქეოლოგიური ძეგლი აღმოაჩინეს: სწორედ ამ პერიოდში გამოიკვლიეს ამიერკავკასიის ერთ-ერთი წამყვანი ენეოლითური პერიოდის ძეგლი საგვარჯილის მღვიმე. კურორტ საწირის სამხრეთით მდებარეობს ოკრიბა-არგვეთის სერი, რომელიც აღმართულია ოკრიბის ქვაბულსა და იმერეთის დაბლობს შორის.
პერევისა გამორჩეული სოფელია ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდიდარია მღვიმეებითა და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების განსაკუთრებული პოტენციალიც აქვს. ასევე, 1953 წელს სოფელ პერევისაში აშენებულია სამგზავრო სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთი პირველი ნიმუში - ბაგირგზა „პერევისა-ქალაქი“, რომელსაც 2016 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საკვლევი არეალი მდებარეობს მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს, ჭიათურის პლატოზე, ჭიათურიდან 7 კილომეტრში. სოფელს ჩრდილოეთით ესაზღვრება ქალაქი ჭიათურა, რომლისგანაც მდინარე ყვირილა გამოყოფს. სამხრეთით ესაზღვრება სოფლები: ცხრუკვეთი, სვერი და გუნდაეთი, ხოლო დასავლეთით სკინდორი და წინსოფელი, აღმოსავლეთით შუქრუთი, კალაური და მერევი. პერევისის საერთო ფართობი შეადგენს 700 ჰექტარს. სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია მდინარე წილტოს ხეობა, ხოლო ყველაზე მაღალი პერევისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია ტერიტორია 980 მეტრი ზღვის დონიდან.
კურორტი ცხრაჯვარი მდებარეობს ნაქერალას ქედის სამხრეთ ფერდობზე. სიმაღლე ზღვის დონიდან: 1,350 მ. ცხრაჯვარს მინიჭებული აქვს საკურორტო ადგილის სტატუსი: აქაური ჰავა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების, ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევების, რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ და სარეაბილიტაციოდ. საკვლევ არეალში ზამთარი ცივია და თოვლიანი. ზაფხული ზომიერად თბილია.
ცხრაჯვარის მთაზე წმინდა გიორგის სახელობის სალოცავია, რომელსაც არაერთი ლეგენდა უკავშირდება. ერთი გადმოცემის თანახმად, სვან ძმებს სოფრომიანებს, თავადი მოუკლავთ და იძულებული გამხდარან, გადახვეწილიყვნენ. ისინი ოკრიბის სოფელში - ძიროვანში დასახლებულან და გვარი სოფრომაძედ გადაუკეთებიათ. მათი ახალშობილი ძეები დაბადებისთანავე იღუპებოდნენ. შეძრწუნებულებს უფლისთვის უთხოვიათ, ოღონდ ძე გაგვიზარდე, ჩვენ მტრედს ავაფრენთ და სადაც დაჯდება, იქ უფლის სადიდებლად სალოცავს ავაშენებთო. მტრედი ცხრაჯვარის თავზე დაფრენილა. სალოცავის ასაგებად ქვები ხელით აუზიდავთ მთაზე.
ცხრაჯვარის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი ზღვის დონიდან 1569 მეტრზე მდებარეობს. ყოველ წელს, მაისის ბოლო შაბათს აქ ცხრაჯვარობა აღინიშნება. დღესასწაულს უამრავი ხალხი სტუმრობს.
ხონის მუნიციპალიტეტი ჩრდილო-დასავლეთით ლეჩხუმსა (ცაგერი) და სამეგრელოს (მარტვილი) ესაზღვრება. სწორედ ამ საზღვარზე გადის ასხის კირქვული მასივი, მთათა ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი (400 კმ2) და მაღალი მასივი კავკასიონის კირქვული ზოლის ფარგლებში. მისი უმაღლესი წერტილის, გადრეკილის სიმაღლე 2,520 მ-ია. მასივზე რვა ათეულზე მეტი კარსტული სიღრუეა, რომელთა ფართობი 24,000 მ2-ს აღემატება. მიწისქვეშეთში 42 მღვიმე, მრავალი ნაკადული, მდინარე და ტბაა. ზოგიერთი მღვიმე ბუნებრივ საყინულეს წარმოადგენს, ზოგიერთის ფსკერზე მიწისქვეშა წყლების ნაკადი გაედინება და გარეთ ულამაზეს ჩანჩქერებად გადმოდის. მღვიმეები ერთმანეთს გვირაბების რთული სისტემით უკავშირდება, რომელთა სავარაუდო სიგრძე 15 კმ-ზე მეტია. მასივის ზოგიერთ კარსტულ მღვიმეში ქვის ხანის ადამიანის ადგილსამყოფელი, სხვადასხვაგვარი იარაღი და უძველესი ცხოველების ნაშთებია აღმოჩენილი. უფრო გვიანდელ პერიოდში, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანის მიერ გამოკვეთილი მღვიმეები თავშესაფრისა და ციხესიმაგრის ფუნქციას ასრულებდა. ამჟამად ასხის მასივი ერთერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტია როგორც იმერეთის, ისე სამეგრელოს რეგიონისთვის.
სოფელ ზემო გორდის მიდამოებში მდინარე აჩენს ბუნების საოცარ ძეგლს, 2-კილომეტრიან კანიონს, რომლის ფსკერზე ბუნებრივი ხიდები, მღვიმეები და ვოკლუზებია განლაგებული. ერთ-ერთი ბუნებრივ ქვის ხიდთან („ქვახიდა“) კანიონის სიღრმე 100 მეტრს აღწევს.
სოფელ გორდის უნიკალური ბუნებრივი პირობები და გამორჩეული გარემო XIX ს-ში სამეგრელოს დიდ თავადს, დავით დადიანსაც შეუმჩნევია და სოფელში საზაფხულო რეზიდენცია აუგია. დადიანების აგარაკი ულამაზესი ორსართულიანი სასახლის გარდა მოიცავდა იტალიელი მებაღის, იოსებ ბაბინის მიერ გაშენებულ ბაღს, რომელშიც ულამაზესი მცებარეების გარდა შედიოდა: საყდარი, აბანო, თავლა, გრძელი ხეივნები, წყაროები და ხელოვნური ტბა, სადაც გედები დაცურავდნენ. 1860-იან წლებში გორდს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორეც კი ეწვია. დადიანების ბაღს დღესაც არ დაუკარგავს თავისი მომხიბვლელობა, თუმცა სასახლიდან მხოლოდ უსახურავო კარკასია შემორჩენილი.